აჭარის მთავრობის პრესცენტრის ახალი ინიციატივის პრეზენტაცია {video}

2013 წლის 30 სექტემბერი | 15:10

აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის ახალი მექანიზმების სტანდარტების განხილვა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება მთავრობის საქმიანობის გაუმჯობესების, სტანდარტებისა და მექანიზმების შემუშავების საკითხზე გამახვილდა. მთავრობის პრესცენტრმა ორი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელმაც მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითადი საკითხები უნდა განსაზღვროს. როგორც უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, საჯარო განხილვაზე გამოთქმულ შენიშვნებს დიდი ყურადღება მიექცევა.

შეხვედრას რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედისაშუალებების პროდიუსერები და რედაქტორები ესწრებოდნენ. ჟურნალისტების განცხადებით, აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნის პროცესში მედია ჩართული არ ყოფილა. შეხვედრაზე შენიშვნები გამოითქვა აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურის საქმიანობის მიმართ.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის/კომუნიკაციის სახელმძღვანელო დოკუმენტის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის“ მიმართ შენიშვნები ჰქონდათ მესამე სექტორის წარმომადგენლებს. ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის’’ წარმომადგენელის განცხადებით, მექანიზმები სუსტია და ის მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობისთვის ნაკლებად იქნება ხელმისაწვდომი. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი” კი აჭარის მთავრობას ყველაზე დახურულ უწყებად ასახელებს.

აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო და პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი მთავრობის პრაქტიკაში პირველად შემუშავდა და იგი საჯარო განხილვის შემდეგ ნორმატიულ აქტად დამტკიცდება.

ავტორები:

სულხან მესხიძე, რუსლან დავითაძე, რამაზ ფანცულაია.

წყარო: Tv25.ge.